კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის ღია სამყაროს პროგრამა

„ღია სამყაროს პროგრამა“ დაფინანსებულია აშშ-ის კონგრესის მიერ და ადმინისტრირებას უწევს კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისი (Congressional Office for International Leadership – COIL).

ღია სამყაროს პროგრამა არის ათდღიანი პროფესიული გაცვლითი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, ამერიკული მიღწევებისა და გამოცდილების წარმოჩენას და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას.

პროგრამა იწყება ვაშინგტონში, სადაც დელეგატები ეცნობიან ამერიკული ფედერალიზმის პრინციპებს, აშშ-ის ისტორიას, კულტურას, ინსტიტუტებსა და ლიდერობის პრაქტიკას. ვაშინგტონში ყოფნისას დელეგატებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ აშშ-ის კონგრესის წევრებს და მათთან ერთად განიხილონ ორმხრივი ინტერესის საკითხები.

ვაშინგტონში ყოფნის შემდეგ დელეგატები მიემგზავრებიან მასპინძელ შტატებში, სადაც ხვდებიან ამერიკელ კოლეგებს, რომლებიც მათივე პროფესიულ სფეროებში საქმიანობენ. ეს შეხვედრები მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთს გაუზიარონ პროფესიული გამოცდილება, გაეცნონ ამერიკულ მიდგომებსა და საუკეთესო პრაქტიკას, განიხილონ საერთო პროფესიული გამოწვევები და დაამყარონ კავშირები სამომავლო თანამშრომლობისთვის. პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია მასპინძელ ოჯახებთან ცხოვრება, რაც დელეგატებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ ამერიკულ კულტურას, ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადგილობრივ საზოგადოებებს.

ღია სამყაროს პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან პროფესიულ მიმართულებებს, მათ შორის: ანგარიშვალდებულ მმართველობას, ქალთა ლიდერობას, არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებასა და მართვას, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ეკონომიკურ განვითარებასა და გარემოს დაცვას. სხვადასხვა წლებში პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდა პარლამენტის წევრების ვიზიტები. გარდა ამისა, კანონის უზენაესობის კომპონენტი ევრაზიის ქვეყნების მოსამართლეებს აშშ-ში ვიზიტისა და ამერიკული სასამართლო სისტემის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

სხვა მრავალი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისგან განსხვავებით, ღია სამყაროს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ნომინირდებიან პირები, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიული მიღწევებით, ლიდერული გამოცდილებითა და პოტენციალით. პროგრამაში მონაწილეობისთვის ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო არ არის. უპირატესობა ენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მანამდე არ უმოგზაურიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1999 წელს დაარსების დღიდან ღია სამყაროს პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიული სფეროს თითქმის 23 000 წარმომადგენელი ეწვია აშშ-ის 50 შტატის 2 000-ზე მეტ თემს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ამერიკელ კოლეგებს, გაეზიარებინათ პროფესიული გამოცდილება და უშუალოდ გაცნობოდნენ ამერიკულ საზოგადოებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას.

2026 წლის მონაცემებით, საქართველოდან ღია სამყაროს პროგრამაში მონაწილეობა დაახლოებით 900-მა პროფესიონალმა მიიღო. საქართველოში პროგრამას ამერიკული საბჭოების საქართველოს ოფისი აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

ღია სამყაროს პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ელფოსტა: openworld.ge@americancouncils.org